მედიისა და სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საგამოძიებო ორგანოებს ბოლო დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს.
როგორც ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებთან დაკავშირებით უამრავი გამოუძიებელი შემთხვევა არსებობს.
მისივე თქმით, ხვალ ერთი წელი სრულდება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებიდან, როდესაც უამრავი ჟურნალისტის უფლება შეილახა, მათზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და მუშაოების საშუალება არ მიეცათ.
„არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. შეხვედრები სხვადასხვა უწყებაში გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მათი მხრიდან ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირება არ ყოფილა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას“ - განაცხადა შავერდაშვილმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, აღნიშნულ პრობლემას მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს და ეს ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიძულოს.
მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იმ აქტივობის ნაწილი, რაც ამ კუთხით უნდა განხორციელდეს.
„მედიაგაერთიანებამ უშიშროების საბჭოს მიმართა. იმედი გვაქვს ამას რეაგირება მოჰყვება“ - განაცხადა ქორიძემ და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსგან კონკრეტულ ქმედებას ითხოვენ.
