პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა აღმსარებელი ამბროსის ხელაიას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, უმაღლესი სამღვდელო პირები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ისტორიაში ამბროსი ხელაიას მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, უწმინდესი და უნეტარესი ქვეყნის სულიერ წინამძღვართან ერთად, უდიდესი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერიც იყო, რომელიც ცარიზმის რუსიფიკატორული და შოვინისტური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამასთან, ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა და აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში.
"წმინდა აღმსარებელი ამბროსი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერის სულიერი ლიდერი ამავე დროს ქვეყნის პოლიტიკური უფლებების და თავისუფლებებისთვის მებრძოლი იყოს. უპრეცედენტოა მისი წერილი, რომელიც გაეგზავნა გენუის კონგრესს, სადაც იგი რუსეთის ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს გათავისუფლებას ითხოვდა“ - აღნიშნა ბაქრაძემ და ამბროსი ხელაიას სიტყვები გაიხსენა, რომლითაც მან მაშინდელ ბოლშევიკურ ხელისუფლებას მიმართა: "ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, მძორი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალნო!"
ღონისძიებაზე ამბროსი ხელაიას ღვაწლზე მართლმადიდებლური ქართული ეპარქიის ხელმძღვანელებმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა ბუბა კუდავამაც ისაუბრა.
ამბროსი ხელაია 1861 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში დაიბადა. 1921 წელს ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აიჩიეს. ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პატრიარქი სხვადასხვა სახის შევიწროებას და ზეწოლას განიცდიდა. 1927 წლის 22 მარტს ამბროსი ხელაია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვას, მეორე დღეს კი - იგი გარდაიცვალა. წმინდა აღმსარებელი ამბროსი სიონის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.
