თბილისის ანძის მფლობელ კომპანია შპს „ალფაკომში" ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ მაუწყებლობის ანძიდან გათიშვის ფაქტს არ ადასტურებენ. ამასთან
დაკავშირებით „ნიუსპრესი“ კომპანიის გენერალურ დირექტოს ვასილ კავაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, ტელევიზიის ანძიდან მაუწყებლობის გათიშვის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„პირველი სტერეო“ ჩვენ არ გაგვითიშავს და ჩვეულებრივ მაუწყებლობს. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ და თუ სტუდიიდან მაუწყებლობა ხორციელდება, ჩვენ გათიშული არ გვაქვს. ეს ცრუ ინფორმაციაა“- განაცხადა მან.
კავლაძის განმარტებით, ის არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი დავით ზილფიმიანი მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
„მე და დავით ზილფიმიანს საკმაოდ კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. რაც შეეხება სასამართლოში სარჩელის შეტანას, არ ვიცი ჩივილის რაზე აპირებს, თუ იჩივლებს ამაზე შემდეგ ვისაუბრებ“ -აღნიშნა მან.
დღეს დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრალური ანძიდან, რომელსაც ვასილ კავაძე მართავს, „პირველი სტერეოს“ მაუწყებლობის გამორთვა ამავე ტელეკომპანიის დირექტორისა და მფლობელის ნებართვის გარეშე მოხდა.
„ეს აქტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როგორც ტერორისტული ქმედება ისე განიხილება, ამიტომ ტერორისტულ ქმედებაზე ხვალ კავაძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევა“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღის წინ კავაძეს ესაუბრა და აუხსნა, რომ „პირველი სტერეოს“ მაუწყებლობა უკვე რამდენიმე დღეა გათიშულია და კონტროლის გარეშე „პირველი სტერეოს“ სიხშირით სულ სხვა მაუწყებლობა გადაიცემოდა.
ზილფიმიანმა ასევე განაცხადა, რომ მან კავაძისგან სიგნალის აღდგენის პირობა მიიღო, თუმცა, არ შესრულდა.
ზილფიმიანი ხვალ თანამშრომლებთან ერთად „პირველი სტერეოს“ სიგნალის გათიშვას შპს „ალფაკომთან“ გააპროტესტებს.
