რომან დუმბაძეს 29 მაისს ბათუმში დაკრძალავენ
რომან დუმბაძეს 29 მაისს ბათუმში დაკრძალავენ
17:11 24.05.2012
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ გენერალს რომან დუმბაძეს 29 მაისს ბათუმში დაკრძალავენ.
გენერალ დუმბაძის ცხედარი დღეს მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დუმბაძის ცხედრის დახვედრის სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბათიაშვილმა განუცხადა, აეროპორტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, გარდაცვლილის შვილი და ნათესავ-მეგობრები იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში, თბილისში ჩამოვა რომან დუმბაძის მეუღლე და გარდაცვლილის ცხედარს დღესვე ბათუმში გადაასვენებენ.
როგორც ცნობილია, გენერალი დუმბაძე რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავისა და მუცლის არეში მიყენებული 7 ჭრილობისგან გარდაიცვალა. შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლით მოძრაობდნენ. ისინი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე წამოეწიენ დუმბაძეს და მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მისი მიმართულებით სროლა დაიწყეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. განიხილება მკვლელობის რამდენიმე ვერსია, მათ შორის, დუმბაძის ყოფილი საქმიანობა.

ბეჭდვა