„ატსტუპნიკები“ მომავალ კვირას მანანა კობახიძეს შეხვდებიან
„ატსტუპნიკები“ მომავალ კვირას მანანა კობახიძეს შეხვდებიან
16:55 24.05.2012
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე დღეს, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ოფისთან ე.წ „ატსტუპნიკებს“ შეხვდა და ტელეკომპანია „მეორე არხის“ ეთერში მათ შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება მისცა.
კობახიძის განცხადებით, „მეორე არხის“ ეთერში მათი საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს და აქციის მონაწილეებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
„ვერავინ იტყვის, რომ „ატსტუპნიკის“ უფლება არ დამიცავს. მე იმ შემთხვევებზე ვსაუბრობდი, როდესაც ვიღაცას ვისაც საშუალება არ ჰქონდა და ნათესავმა თბილისში ჩაწერით ხელი შეუწყო, ნათესავს ამ სიკეთეს იმით უხდის, რომ მიდის და მას ბინას ართმევს. ზუსტად ის ვთქვი, რომ სასამართლო ამ საკითხს არასწორად წყვეტს. მე ჩვენს სასამართლოს შევედავე, თორემ თქვენ რა შუაში ხართ“ - განმარტა კობახიძემ.
მისი თქმით, „ატსტუპნიკების“ შემთხვევაში, როცა მათ აღნიშნულ ფართში თანხა აქვთ გადახდილი და ცხოვრობენ, სასამართლომ ეს ბინები უნდა დაუკანონოს.
კობახიძემ აქციის მონაწილეებს გადაცემის ჩანაწერის პირადად ნახვისკენ მოუწოდა, რათა მის სიტყვებში დარწმუნდნენ.
„ატსტუპნიკებთან“ იურისტი ეკა ბესელიაც გამოვიდა და ოფისთან გამართული აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა და სიტუაციაში გარკვევა ურჩია.
„ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაზარალდეთ. გირჩევთ მანანა კობახიძეს ოფიციალურად შეხვდეთ, რათა გაუგებრობას ადგილი არ ჰქონდეს“-განუცხადა მათ ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას,,ატსტუპნიკების“ 10 კაციანი ჯგუფი საკუთარი პრობლემების გასაცნობად მანანა კობახიძეს შეხვდება.
„ატსტუპნიკების“ მორიგი საპროტესტო აქცია 31 მაისს, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

ბეჭდვა