ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „სენაკის სათემო განათლების ცენტრთან“ დღეს, იუსტიციის სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია, სენაკის მუნიციპალიტეტში ხუთთვიან პროექტს „იმოქმედე დღეს, რათა დაცული იყო ხვალ!“ განახორციელებს.
ორგანიზაცია ნარკოდანაშაულის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაზე იზრუნებს. ამ მიზნით ცენტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას დაგეგმავს და ჩაატარებს - დაამზადებს და დაარიგებს ბუკლეტებსა და ფლაერებს, სკოლებში ლექციებს ჩაატარებს, მოაწყობს ფილმების ჩვენებას.
მთავარი პროკურატურის მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, საგრანტო კონკურსი, 22 მარტს გამოცხადდა. საგრანტო პროგრამის მიზანი, ნარკოტიკის მავნე ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და კამპანიაში არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობის მიღწევაა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, ხელმოწერის ცერემონიაზე, ნარკოდანაშაულის პრევენციის მიზნით, ანტინარკოტიკულ კამპანიაში საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ხაზი გაუსვა.
