თბილისის #53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე საშუალო განათლების მიღებას ისევ ვერ ახერხებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ალექსიძის დედამ ლალი ლეკიშვილმა განუცხადა, ისინი განათლების სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან, თუ რომელ სკოლაში გააგრძელებს ალექსიძე სწავლას.
მისი თქმით, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს აღნიშნული მოთხოვნით ბოლოს 5 მარტს მიმართა, თუმცა, სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით წერილი რესურს ცენტრში 15 თებერვალს შევიტანე, სადაც 53-ე სკოლაში დარეგისტრირებას მოვითხოვდი. რესურს ცენტრმა ერთადერთი ოფიციალური პასუხი 22 თებერვალს გამომიგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 77-ე სკოლაში დავრეგისტრირდი“ - აღნიშნა ლეკიშვილმა.
მისი განმარტებით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ალექსიძე 2 თვეა 77-ე სკოლაში მოსწავლის სტატუსით ირიცხება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„აღნიშნულ სკოლაში დავრეკე და დამიდასტურეს, რომ მხოლოდ ექსტერნად ვირიცხებოდით. ამიტომ, 5 მარტს მინისტრს განცხადებით მივმართე, გამაგებინეთ რომელ სკოლაში აღმადგინეთ და სად მივიდეთო, მაგრამ დღემდე არ მაქვს შეკითხვაზე პასუხი“ - განმარტა ლეკიშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად მიხეილ ალექსიძე, რეაბილიტაციის ცენტრ „აპათეაში“ ფსიქოლოგიურ კურსს გადის.
ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, დირექტორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხა. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ალექსიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 11 მაისს, თავად მოსწავლის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა.
