საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე თემატური კონცერტებისთვის 4 სცენა დამონტაჟდება.
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ხალხური, საბავშვო, ქალაქური სიმღერისა და საორკესტრო კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაალ ჩიქობავამ განუცხადა, ვარდების რევოლუციის მოედანზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა.
პარლამენტის შენობის წინ, უკვე დამონტაჟდა ე.წ. საინფორმაციო გვირაბი, რომელშიც 20 მონიტორი განთავსდა. მონიტორებზე ნაჩვენები იქნება ქართული პროდუქციის სარეკლამო და საინფორმაციო რგოლები.
ჩიქობავას თქმით, სამრეწველო აღლუმი დაყოფილია ორ ძირითად მიმართულებად - მძიმე და მსუბუქ მრეწველობად.
ხვალისთვის რუსთაველის გამზირზე პროდუქციის ძირითადი ნაწილი უკვე განთავსდება, ხოლო მალფუჭებადი პროდუქტი 26 მაისს, დილით გამოიფინება.
პარლამენტის წინ უკვე დაიდგა მეტროს ვაგონი, აქვე განთავსდება ნავთობმზიდის ცისტერნა, ასევე, უფრო დიდი ვაგონის მაკეტები, რომელთა ორიგინალის დადგმა, ჩიქობავას თქმით, რთული იქნებოდა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი იქნება 20 გამომცემლობა და სამოდელო სახლების ნაწარმი. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ჩვენება გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე საგამოფენო სტენდების მონტაჟი მიმდინარეობს.
რაც შეეხება ღონისძიებისთვის დახარჯულ თანხას, „ნიუსპრესს“ განუცხადეს, რომ ამ ინფორმაციას მერია ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში გასცემს.
26 მაისს სამრეწველო აღლუმი 11:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.
