ბათუმში იუნკერების საფლავთან ტერიტორია შემოღობეს
ბათუმში იუნკერების საფლავთან ტერიტორია შემოღობეს
11:52 24.05.2012
ბათუმში იუნკერების საფლავთან არსებული ტერიტორია შემოიღობა.
როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არა აზიზიეს მეჩეთის, არამედ სასტუმროს მშენებლობა იწყება.
მისი თქმით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაწყების პერსპექტივა არ არსებობს.
„გულმოდგინედ ვადევნებთ თვალყურს ამ პროცესს და გარწმუნებთ, რომ ბათუმში აზიზეის მეჩეთი არასდროს აშენდება. ამას ვამბობ საქართველოს მოსახლეობის განწყობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, საპატრიარქოსა და მისი მრევლის განწყობის საფუძველზე“- განუცხადა „ნიუსპრესს“ დუმბაძემ.
მისი თქმით, საფლავთან არსებული ტერიტორია თურქ ინვესტორს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მიჰყიდა.
„ტერიტორია სასტუმროსთვის შემოღობეს, რომელიც ლევან ვარშალომიძემ ვინმე თურქ ინვესტორს 1 ლარად მიჰყიდა, საფლავებზე სასტუმრო უნდა დაადგას, თუმცა, ეს სხვა თემაა და აზიზეის მეჩეთს არ უკავშირდება“ - განაცხადა დუმბაძემ.
მისი ინფორმაციით, თურქი ინვესტორი აღნიშნულ ტერიტორიაზე 48 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის აშენებას აპირებს.

ბეჭდვა