ფესტივალი - „ვარდობისთვე თბილისში 2012“ 9 აპრილის ბაღში გაიმართება
ფესტივალი - „ვარდობისთვე თბილისში 2012“ 9 აპრილის ბაღში გაიმართება
18:46 23.05.2012
ყვავილების ფესტივალი - „ვარდობისთვე თბილისში 2012“, 26 მაისს 9 აპრილის ბაღში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ პროექტის ხელმძღვანელმა ტატუკა ჯაფარიძემ განუცხადა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა 11:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, წელს ფესტივალზე ყველაზე მეტი - 100 მონაწილეა რეგისტრირებული. სწორედ მონაწილეთა სიმრავლემ განაპირობა ფესტივალის 9 აპრილის ბაღში ჩატარება.
ფესტივალის მონაწილეები ოთახის მცენარეებს, კაქტუსებს, ღია გრუნტის მცენარეებს, ხის ნერგებს, დეკორატიულ ბალახს, ქოთნებს, ბაღის ავეჯს და ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ.
გამოფენაში მონაწილეობას როგორც კერძო პირები ისე გამწვანების კომპანიები მიიღებენ.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ფესტივალი წელს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში ბოლოჯერ ტარდება.
„მომავალი წლიდან ფორმატს ვცვლით. უნდა დავყოთ პატარა ყვავილების, დიდი ხეებისა და ბუჩქების გამოფენად და გამოფენა-გაყიდვად. იქნება კონკურსები და ა.შ. ამგვარად, გადავალთ პროფესიული ყვავილების შოუს ფორმატზე“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება ერთდღიანია.

ბეჭდვა