პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია ქუთაისის პარლამენტის შენობიდან მინების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მშენებლობა ჩვეულებრივ გრძელდება.
„ეს აბსოლუტური სიცრუეა. მშენებლობაზე არავითარი პრობლემა არ შექმნილა, პირიქით, ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოებამ უკვე იცის“- განაცხადა მაქაცარიამ.
ინფორმაცია ქუთაისის პარლამენტის შენობიდან მინების ჩამოვარდნის შესახებ დღეს გავრცელდა.
ქუთაისის პარლამენტის შენობაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს საზეიმო სხდომა გაიმართება. სრულად კი, მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
