„სამოქალაქო ერთობა“ 27 მაისის აქციას უერთდება
„სამოქალაქო ერთობა“ 27 მაისის აქციას უერთდება
15:52 23.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „სამოქალაქო ერთობა“ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს და საკუთარ აქტივისტებს მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, „სამოქალაქო ერთობის“ წარმომადგენელთა შეხვედრაზე, გაერთიანების თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამოქალაქო ერთობამ“ მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე და მთელი საქართველოს მასშტაბით, მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 300 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა.
„ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ ვის ჩავაბარებთ ჩვენს ქვეყანას. საქართველოში ძირითადად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მკვიდრდებიან. ბიძინა ივანიშვილმა კი, ქართულ პოლიტიკაში მოსვლით სასწორზე დადო თავისი ფული და მომავალი. ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ 300 000-მდე ხელმომწერს და 27 მაისს, აქციაზე წასვლისკენ მოვუწოდოთ“ - განაცხადა ვაზაგაშვილმა.
„სამოქალაქო ერთობაში“ მიაჩნიათ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დიდი გარდატეხა მოახდინა - დაინგრა „ნაციონალური მოძრაობის“ უძლეველობის მითი და სამოქალაქო საზოგადოებას უსამართლობის დამარცხების იმედი გაუჩნდა.
„სამოქალაქო ერთობა“ საკუთარ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს 27 მაისს, 14:00 საათზე პირველ სკოლასთან შეიკრიბონ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე სახალხო მანიფესტაციას შეუერთდნენ.
როგორც იური ვაზაგაშვილმა აღნიშნა, „სამოქალაქო ერთობის“ აქტივი დამოუკიდებლობის დღეს სამების ტაძარში, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრება.

ბეჭდვა