ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დაპირისპირებულ მხარეებს - ყოფილ დირექტორ დავით ზილფიმიანსა და ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა.
როგორც დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყავლაშვილს შესთავაზა მოსალაპარაკებლად მის კაბინეტში შესულიყვნენ, თუმცა, კაბინეტის კარი გატეხილი დახვდა.
როგორც ზილფიმიანი აცხადებს, მან ოთახის კარი გუშინ საკუთარი გასაღებით დაკეტა, თუმცა, დღეს უკვე ღია დახვდა, ხოლო მისი კუთვნილი სამუშაო უჯრები არეული.
ზილფიამინის განმარტებით, მან ყავლაშვილისგან „პირველი სტერეოს“ ოფისში შეხვედრაზე ახალი დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით რამდენიმე უკანონო შემოთავაზებაც მიიღო, რაზეც არ დათანხმდა.
„შეხვედრამდე მართლა მეგონა, რომ კობაიძის მხარე შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდოდა და ჩვენ შორის მოლაპარაკება შედგებოდა, თუმცა, შეთანხმების პროცესს განგებ აჭიანურებენ“ - გადაცხადა დავით ზილფიმიანმა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გიორგი ყავლაშვილმაც გააკეთა.
მისი თქმით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემის საკითხზე, შესაბამისად, „პირველი სტერეოს“ ირგვლივ შექმნილ ყველა პრობლემაზე მოლაპარაკება მომდევნო დღისთვის გადაიდო.
ყავლაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ თანამშრომელთა ოფისში შეშვებაზე მოლაპარაკება არ დაწყებულა.
ყავლაშვილი და ზილფიმიანი დღეს 13:00 საათზე შეხვდნენ. მათ ტელეკომპანიის ირგვლივ ყველა პრობლემაზე მოლაპარაკების პროცესი უნდა დაეწყოთ, თუმცა, მხარეებს შორის პოზიციების შეუთანხმლობის გამო, ეს პროცესი კიდევ ერთი დღით გადაიდო.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.
