„მეცხრე არხი“ თამარ რუხაძის მიერ ავარიის შედეგად დაშავებულისთვის დახმარების გაწევის უფლებას ითხოვს
„მეცხრე არხი“ თამარ რუხაძის მიერ ავარიის შედეგად დაშავებულისთვის დახმარების გაწევის უფლებას ითხოვს
14:58 23.05.2012
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელობა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ რუხაძის მიერ დაშავებული პიროვნების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების საშუალების მიცემას ითხოვს.  ამის შესახებ „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა და თამარ რუხაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 21 მაისს, 01.00 საათზე რუხაძე გმირთა მოედნის ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ორ მამაკაცს დაეჯახა. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მალხაზ ბიჩინაშვილი მძიმედ დაშავდა და ის ე.წ არამიანცის საავადმყოფოს რაენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობს.
ბექაურის განცხადებით, „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი მკურნალობის ხარჯები მთლიანად დააფინანსოს.
„საავადმყოფოს ექიმებს იმავე ღამეს ვესაუბრე. მათ პაციენტის დახმარებაზე თანხმობა განმიცხადეს. ადმინისტრაციამ ჩვენგან რეანიმაციული განყოფილების ხარჯების დაფარვისთვის 2 ათასი ლარი მოითხოვა, ეს თანხა გამთენისას შევიტანეთ საავადმყოფოში. ამის შემდეგ, უნდა გადმოეცათ ფორმა ასი და ანგარიშფაქტურა, რათა მკურნალობისთვის საჭირო დანარჩენი თანხა გადაგვერიცხა. თუმცა, გუშინ სავადმყოფოში ამ საბუთების მიღებაზე ადმინისტრაციამ უარი გვითხრა“-განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აუხსნეს, რომ იმდენად, რამდენადაც დაშავებული უპატრონოა, ასევე, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დამთავრებულა და ბრალდებული არ არის გამოვლენილი, მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.
რაც შეეხება, გადახდილ 2 ათას ლარს, ბექაურის თქმით, საავადმყოფოში განუცხადეს, რომ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული თანხას უკან დაუბრუნებენ.
,,თუმცა, ჩვენ ეს თანხა არ მოგვითხოვია. პირიქით, ვწუხვართ მომხდარის გამო და ჩვენი სურვილია დაშავებულის დახმარების საშუალება მოგვეცეს“ - განაცხადა მან.
გენერალურმა დირექტორმა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან უარის მიღების მიზეზებსა და საგამოძიებო მოქმედებების შეფასებისგან თავი შეიკავა.
მან, ასევე, განმარტა, რომ მცდელობის მიუხედავად, აქამდე ვერ მოხერხდა დაზარალებულის ახლობლებთან დაკავშირება და დაშავებულთან გასაუბრება.
თამარ რუხაძეს ინციდენტის ღამესვე ჩაუტარდა ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზა, რის შედეგად დადგინდა, რომ ის საჭეს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. რუხაძე, მოწმის სტატუსით, უკვე დაიკითხა. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა