საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარმა“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართვა შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მიმართვა გუდიაშვილის #2-ში ყოფილი „ლიტერატურული საქართველოს“ შენობის დემონტაჟის პროცესის სასამართლო ძალით შეჩერებას გულისხმობს.
მისი თქმით, სასამართლომ აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი 24 საათის განმავლობაში უნდა გასცეს.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის დემონტაჟი ორგანიზაციის ძალებითაა შეჩერებული, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშებს არ უშვებენ.
„გვინდა, რომ ახლა სასამართლოს ძალით შეჩერდეს ეს პროცესი და მხოლოდ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული. გუშინ მუშები იმიტომ შევუშვით, რომ შენობა დროებით გადაეხურათ, რადგან წვიმის გამო არ დაზიანდეს“ - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ხვალ საღამოს საქალაქო სასამართლოში კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშულის გამო სარჩელსაც შეიტანენ. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებს მოედანზე სამუშაოებს.
„ტფილისის ჰამქარმა“ 20 მაისს გუდიაშვილის მოედანზე აქცია გამართა. კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილმა“ იმავე დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შენობის დემონტაჟი დაწყებული არ არის და ამჟამად, მხოლოდ კვლევისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.
