თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „ნაციონალებიდან“ კოკი იონათამიშვილი საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრის ზაზა გაბუნიას ინიციატივას სანიაღვრე ქსელების მმართველი კომპანიის ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბების თაობაზე, არ იზიარებს.
როგორც დღეს მან განაცხადა, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებთან დაკავშირებული მოვალეობების კომპანია „თბილსერვისჯგუფზე“ გადაცემა სწორი გადაწყვეტილება იყო.
„თბილსერვისჯგუფს“ სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მიენიჭა, რადგან მას უფრო მეტი ტექნიკური და ადამიანური რესურსი აქვს“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ 12 მაისის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ კერაზე სრული მობილიზაცია იყო.
იონათამიშვილი სანიაღვრე ქსელების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
ზაზა გაბუნიამ სანიაღვრე ქსელების მმართველი კომპანიის ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბება დღეს საკრებულოში მოითხოვა.
მისივე თქმით, სანიაღვრე ქსელების გაუმართაობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ 12 მაისს ჭარბმა ნალექმა წყალდიდობის სახე მიიღო.
„1999 წლის 22 ივნისს დაარსებული შპს „სანიაღვრე ქსელები“, რომლის ერთადერთი მოვალეობა იყო ეზრუნა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე, 2012 წელს გაუქმდა და მისი უფლებამოსილება შპს „თბილსერვისჯგუფს“ გადაეცა, რომელიც ამ საკითხთან ერთად, დედაქალაქში რამდენიმე მიმართულებას კურირებს“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, „თბილსერვისჯგუფს“ მენეჯმენტის პრობლემა აქვს, რადგან მრავალფეროვანი პროფილის მქონე ორგანიზაციამ სანიაღვრე ქსელების საკითხზე კონცენტრირება ვერ მოახერხა.
