ეროვნულ არქივს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა
ეროვნულ არქივს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა
11:45 23.05.2012
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მუსიკოს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა.  მასალა ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცა ვასილ თამარაშვილის შვილიშვილმა ნოდარ ხითარიშვილმა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ვასილ თამარაშვილის პირად არქივშია მასალები სანოტო მანქანის გამოგონების, ძველი მუსიკალური საკრავების აღდგენის შესახებ; საოჯახო და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები; ნაშრომები მუსიკალური საკრავების გამოყენების წესების შესახებ.
ფონდშია, ასევე, ზაქარია ფალიაშვილის რეკომენდაცია თბილისის მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ვასილ თამარაშვილისათვის სამხედრო მუსიკალური გუნდის კაპელმეისტერად დანიშვნის შესახებ და სხვა.
თამარაშვილის პირადი არქივის მასალა საარქივო წესით დამუშავდება, აღიწერება და მუსიკის ისტორიის მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მუსიკოს-გამომგონებლის პირადი ფონდით.
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი ვასილ თამარაშვილი 1883 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის IV კლასიან სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, სადაც მუსიკალური თეორიის კურსს ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ვასილ თამარაშვილი შეუდგა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლასა და აღდგენას. მან ქართველ მოღვაწეთა შორის პირველმა შექმნა ქართული ხალხური მუსიკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი იყო.
აღსანიშნავია, რომ თამარაშვილის მიერ 20-მდე სახეობის ხალხური საკრავია აღდგენილი. ვასილ თამარაშვილმა შექმნა მეთოდური სახელმძღვანელო მუსიკალური ინსტრუმენტების შესასწავლად. მასვე ეკუთვნის ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანის გამოგონება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც სანოტე ნიშნებთან ერთად, ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტს ხუთ ენაზე. დღეისთვის არსებობს ამ მანქანის პატენტი, თუმცა, მისი სერიული გამოცემა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

ბეჭდვა