საქართველოს სახალხო დამცველს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ინიციატივა მიუღებლად მიაჩნია.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის ძალა ჯერ არ გააჩნია, თუმცა, მსგავსი ცვლილების განხორციელება მიუღებელია.
„აღნიშნულის მიუხედავად, ცალსახად მიუღებლად მიმაჩნია მსგავსი ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელება, რადგან ის საქართველოს მოქალაქეთა მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს გამოვლენილ ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებშია ასახული“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატს ასევე, შემაშფოთებლად მიაჩნია შეთავაზებულ ცვლილებებზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები.
„სამწუხაროდ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ნაწილი სიძულვილის ენას შეიცავდა, რომელიც მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას უწყობს ხელს, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის“- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ მანდატით გათვალისწინებული, არამედ მაღალი მორალური პასუხისმგებლობაც აკისრიათ.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს ასევე, პარლამენტარების მხრიდან ისეთი გამონათქვამების გამოყენება მიაჩნია მიუღებლად, რომელიც საზოგადოების რომელიმე წევრს შეურაცხყოფას აყენებს და მას სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში არათანასწორად წარმოაჩენს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ცვლილება საქართველოში ჰომოსექსუალიზმის სამართლებრივი ლეგალიზაციის მცდელობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის წარსადგენად, ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
