„პირველი სტერეოს“ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ
„პირველი სტერეოს“ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ
18:19 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დაპირისპირებული მხარეები - ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი და მოქმედი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრა ამ წუთებში გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ „პირველი სტრეოს“ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრამდე გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეხვედრა ნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის პროცესები მოგვარებისკენ მიდის და მაქსიმუმ 2 დღეში მხარეებს შორის ყველა სადაო საკითხი ამოიწურება.
დავით ზილფიმიანის განმარტებით კი, ის ყველანაირ ინფორმაციას მედიას შეხვედრის შემდეგ გააცნობს.
გიორგი ყავლაშვილსა და დავით ზილფიმიანს შორის შეხვედრა 16:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ზილფიმიანის განცხადებით, ის ყავლაშვილის ინიციატივით გადაიდო.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს.

ბეჭდვა