კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის
უმოკლეს დროში განხილვის მოთხოვნით მიმართავენ.
წინადადებების პაკეტი პარლამენტს 7 მაისს წარედგინა.
საგანგებო მიმართვა კამპანიის მონაწილე მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დღეს პრესკონფერენციაზე გააცნეს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო წინადადებებით განიმარტა ფარული და სოციალური რეკლამის ცნება, მაუწყებლობის ტრანზიტის, ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსების ლიმიტები, საარჩევნო პერიოდში მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფის, პოლიტიკური დებატების, მედიამონიტორინგის განხორციელების, სახელმწიფო ორგანოების სარეკლამო ხარჯების გამჭვირვალობის წესები და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები.
საკანონმდებლო წინადადებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების მიღებით ტელეკომპანიებს, განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს საარსებო წყარო გაუჩნდებათ და უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო მძიმე ტვირთად აღარ დააწვებათ.
ამასთან, კანონპროექტის ავტორთა თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვით საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონეებს ხელი აღარ შეეშლებათ კუთვნილ ზონებში მაუწყებლობაში.
„ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება, მედიასაშუალებებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდში სუბიექტების თანასწორუფლებებს უზრუნველყოფს, რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებს ტელემედიაზე თანაბარი წვდომის საშუალებას მისცემს“-ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს 72 მედიაორგანიზაცია აწერს.
