დავით ზილფიმიანი -კობაიძის წარმომადგენელი პროკურატურის თანამშრომელია
დავით ზილფიმიანი -კობაიძის წარმომადგენელი პროკურატურის თანამშრომელია
14:21 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი ირწმუნება, რომ ტელევიზიის ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელი პროკურატურის თანამშრომელია.  ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით ზილფიმიანმა დღესვე, ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ჩართული უწყებებიც დაასახელა.
მისი თქმით, ეს უწყებებია - გენერალური პროკურატურა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო.
როგორც ზილფიმიანი ამტკიცებს, ყველა ამ უწყებას დღეს ერთი პიროვნება - იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ყველაფერში საქართველოს პრეზიდენტია გარეული. იმედი მაქვს, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ადეიშვილის ქმედებებს ბოლო მოეღება და ეს ჩინოვნიკი საკადრის პასუხს მიიღებს“-განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
იგი აცხადებს, რომ დღეს „პირველი სტერეოს“ ოფისში გამაგრებული ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ წევრები ძირითადად, სინამდვილეში სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ შესახებ საქმის კურსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩააყენა. ასევე დიპლომატიური კორპუსი თვალს ადევნებს მოვლენებს.
დღეს ზილფიმიანის პრესკონფერენციას იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე ფაბრიციო ბოვინო ესწრებოდა, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.
დავით ზილფიმიანი დღეს პრესკონფერენციის შემდეგ ვასილ კობაიძის ოფიციალურ წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს შეხვდება. ისინი, სავარაუდოდ, „პირველ სტერეოში“ შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელებენ.

ბეჭდვა