ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათ შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს.
„ბაღის ფრინველთა საათის“ კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, თბილისის ბევრ სკოლაში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლეა ჩართული.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მეოთხე წელია ტარდება და ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვით საკითხებში ცოდნის გაღრმავებასა და ფრინველთა სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას ისახავს მიზნად.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღეს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის, ცნობიერების ამაღლებისა და მისი მნიშვნელობის მიზნით აღნიშნავენ.
