მეთორმეტეკლასელებმა გამოცდა დღეს უცხო ენაში ჩააბარეს
მეთორმეტეკლასელებმა გამოცდა დღეს უცხო ენაში ჩააბარეს
12:47 22.05.2012
მეთორმეტეკლასელებმა დღეს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენაში ჩააბარეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსთავის №4 საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ, გამოცდას ისტორიაში, 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. საგამოცდო ოთახებში ჩართულია ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2000-ზე მეტი მეთვალყურე აკვირდება.
სამინისტროში შექმნილია ასევე, გამოცდების საორგანიზაციო შტაბიც, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან ჩართული.

ბეჭდვა