დიაბეტის, ენდოკრინულ და გულ-ფილტვის დაავადებათა ცენტრ „დიაკორში“ ლაზერული სტომატოლოგიის განყოფილება გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ჯოლბორდმა განუცხადა, კლინიკაში ყველა სტომატოლოგიური პროცედურა უკონტაქტოდ, ლაზერის სხივით სრულდება.
ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ტექნოლოგია საქართველოში დღემდე დანერგილი არ ყოფილა.
ჯოლბორდის განმარტებით, მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურად დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას გამოიყენება.
„საერთოდ, სტომატოლოგებისთვის დიაბეტიან პაციენტებთან ურთიერთობა პრობლემურია. მათ შორის პირის ღრუში მანიპულაციებს ხშირად თან ახლავს გართულებები, მაგალითად, ინექციის შემდგომი ინფიცირება, სისხლდენა. ქირურგიული ჩარევის შედეგად ძნელად ხორცდება ჭრილობები. ასეთი ტიპის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ლაზერის აპარატი საუკეთესოა“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ახალი მეთოდი არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებული, არამედ ნებისმიერი პაციენტის სამკურნალოდ გამოიყენება.
მისივე თქმით, ტექნოლოგია განსაკუთრებული პოპულარობით ბავშვთა სტომატოლოგიაში სარგებლობს.
ჯოლბორდის განმარტებით, ლაზერის აპარატი, რომელსაც მკურნალობისას იყენებენ, ნასას ტექნოლოგიებითაა დამზადებული. მას კომპანია „ბიოლაზე“ აწარმოებს.
მისივე თქმით, ლაზერული სტომატოლოგიის განყოფილება საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.
„გვინდოდა, რომ ჩვენთან მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო“ - აღნიშნა მან.
დიაბეტის, ენდოკრინულ და გულ-ფილტვის დაავადებათა ცენტრი „დიაკორი“ დიღმის ცენტრალურ ჰოსპიტალში მდებარეობს.
