„პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ახალ დირექტორთან შეხვედრას ზილფიმიანთან მოლაპარაკების გარეშე არ აპირებენ
„პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ახალ დირექტორთან შეხვედრას ზილფიმიანთან მოლაპარაკების გარეშე არ აპირებენ
11:37 22.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ახალ დირექტორთან ვასილ კობაიძესთან შეხვედრას კომპანიის ყოფილ დირექტორ  დავით ზილფიმიანთან მოლაპარაკების გარეშე არ აპირებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „პირველი სტერეოს“ ოფისთან ტელევიზიის სარეკლამო სამსახურის უფროსმა ზურაბ დიდიძემ განუცხადა.

მან ასევე, ჟურნალისტებს აცნობა, რომ აქვს ინფორმაცია თითქოს, თანამშრომლების დაბარებას ტელეკომპანიის ახალი ხელმძღვანელობა მორიგების მიზნით გეგმავს.

„თუმცა ჩვენ ამაზე თანახმა არ ვართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეხვედრა მოხდეს დავით ზილფიმიანის თანდასწრებით. არანაირ გარიგებაზე და ხელფასებზე წასვლას არ ვაპირებთ“ - განაცხადა ზურაბ დიდიძემ.

ამის შემდეგ „პირველი სტერეოს“ პროგრამების განყოფილების უფროსმა ლევან ზილფიმიანმა „პირველ სტერეოს“ დაცვის კომპანია „მგლების“ გენერალურ დირექტორს ლევან ჯანელიძეს სთხოვა, შენობაში მყოფ კობაიძის წარმომადგენლისთვის გიორგი ყავლაშვილისთვის გადაეცა, რომ დავით ზილფიმიანს დაელოდოს და მოლაპარაკება ორ მხარეს შორის შედგეს.

ამ წუთებში „პირველ სტერეოსთან“ დავით ზილფიმიანს ელოდებიან. სავარაუდოდ, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა რამდენიმე საათში მოხერხდება.

ბეჭდვა