ადამიანის უფლებათა ცენტრი დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბაგრატ შინკუბას სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის
ადამიანის უფლებათა ცენტრი დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბაგრატ შინკუბას სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის
18:35 21.05.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი ინიციატივით გამოდის დედაქალაქის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას აფხაზი კლასიკოსის ბაგრატ შინკუბას სახელი ეწოდოს.

აღნიშნული მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის მერიას და საკრებულოს ოფიციალურად მიმართავს. ამავე დროს, ადამიანის უფელბათა ცენტრში მოითხოვენ, დაიდგას როგორც მწერლის, ასევე მისი სახელოვანი პერსონაჟის - უკანასკნელი უბიხის ძეგლები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი 2007 წლიდან აწარმოებს კამპანიას - „ბოდიში“. კამპანია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც აფხაზ ხალხს ბოდიშს უხდიან, რადგან ვერ შეძლეს ძალადობას დაპირისპირებოდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დადგა დრო, საქართველოს სახელმწიფომაც გაიზიაროს კუთვნილი პასუხისმგებლობა, აწარმოოს გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შერიგებამდე მიიყვანს და კვლავ დააახლოებს მათ ერთმანეთთან“-აცხადებენ ცენტრში.

მათივე ცნობით, აფხაზი მწერლის ბაგრატ შინკუბას პოეტური და პროზაული ნაწარმოებები აფხაზი ხალხის ისტორიულ და თანამედროვე მისწრაფებებს ასახავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანი-ეპოპეა „უკანასკნელი უბიხი“, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში აფხაზეთსა და სხვა მონათესავე კავკასიელი ხალხების ტრაგედიას - ე. წ. მუჰაჯირობას ასახავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხი“, ასევე მისი საუკეთესო ლექსები საქართველოს საჯარო სკოლებში ისწავლებოდეს.


ბეჭდვა