გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ხვალ გამოსაშვებ გამოცდებს გორის საჯარო სკოლებში დააკვირდება.
საქართველოს ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე ჩააბარეს. საატესტატო გამოცდები უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, წლევანდელი გამოსაშვები გმოცდებისათვის ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე.წ. naec web browser-ი შეიქმნა, რომელიც ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. საგამოცდო ოთახებში ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა მუშაობს. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.
გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაშიმოსაწვევი მიიღო, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. ამასთანავე, მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები და წყალი პლასტმასის ბოთლით.
2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.
