ლაშა ტუღუში მედიაში საკუთრების უფლების დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს
ლაშა ტუღუში მედიაში საკუთრების უფლების დარღვევას მიუღებლად მიიჩნევს
17:52 21.05.2012
გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში მედიაში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელ დავით ზილფიმიანთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ „ნიუსპრესს“ განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე „სტერეოსთან“ დაკავშირებული მოვლენები დეტალურად განიხილეს.
„აქ სიტუაცია ნათელია. ეს ის ვითარებაა, როდესაც ხელისუფლებას უნდა აკონტროლოს ყველაფერი, რაც მედიასთან არის დაკავშირებული“ - აღნიშნა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ტექნიკური დახმარება, რომელიც დავით ზილფიმიანმა ხელისუფლების მიერ არაკონტროლებად ტელეკომპანიებს გაუწია, ხელისუფლებამ ცუდად აღიქვა.
„ეს იყო სამაგიეროს გადახდის ნიმუში, რომელიც სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში ხდება. დაველოდებით კიდევ ერთ დღეს. თუ ასე გაგრძელდა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა, ცხადია მედია ამ ფაქტს გააპროტესტებს“ - განაცხადა ტუღუშმა.
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური კი, „პირველი სტერეოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „პირველ სტერეოსთან“ „მე-9 არხის“ მიერ გაფორმებულ კონტრაქტს უკავშირებს.
მისი თქმით, კონტრაქტი „მე-9 არხის“ იმ დაზიანებული აპარატურის ექსპერტიზას ეხება, რომელიც საბაჟო ტერმინალზე რამდენჯერმე დაწვეს.
„თუ ლოგიკას მივყვებით არ უნდათ, რომ „მე-9 არხის“ ნორმალური მაუწყებლობა შედგეს. შესაბამისად, არ უნდათ ამ ტექნიკის აღდგენა, რადგან „მე-9 არხმა“ ვერ იფუნქციონეროს ისე, როგორც საჭიროა“ - განმარტა ბექაურმა.
დავით ზილფიმიანთან სამუშაო შეხვედრა ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ ოფისში გაიმართა. შეხვედრას მედიაორგანიზაციების, მედიის ადვოკატირების კოალიციის, კამპანია ,,ეს შენ გეხებას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ზილფიმიანმა „პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებული მოვლენები მიმოიხილა და კოლეგებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბეჭდვა