ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებს ტელეკომპანიიდან იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაციის გატანა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე სურთ.
როგორც მან „პირველი სტერეოს“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში, სადაც აღნიშნული ტელეკომპანიის ოფისი მდებარეობს, მისი წარმომადგენელი, ტელეკომპანიის ფინანსური განყოფილების უფროსი ვახტანგ ჭკუასელი იმყოფებოდა. ის კობაიძის წარმომადგენელს ესაუბრა და ტელეკომპანიის ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის შესასწავლად გადაცემაზე დათანხმდა.
ზილფიმიანის განმარტებით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის შენობიდან გატანა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
„კობაიძის წარმომადგენლებმა დოკუმენტაცია ჩაიბარეს, თუმცა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარს აცხადებენ. სურთ დოკუმენტაციის შენობიდან ამ აქტის გარეშე გატანა“-განაცხადა ზილფიმიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციის უკანონოდ გატანა მოხდება, ის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს. მისი თქმით, ბრძოლის ერთადერთი ბერკეტი მედიის წარმომადგენელთა მხრიდან ფაქტის დაფიქსირებაა.
გეოფიზიკის ინსტიტუტში, რომელიც „პირველი სტერეოს“ ამჟამინდელი დირექტორის ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებულ კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლებს ბლოკირებული აქვთ, რამდენიმე ხნის წინ მისივე წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი სტერეოს“ ოფისში შესვლისა და საქმიანობის განხორციელების უფლება თანამშრომლებს მას შემდეგ მიეცემათ, რაც კობაიძის მხარეს „პირველი სტერეოს“ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია გადაეცემა.
