ადვოკატის შეფასებით, „პირველ სტერეოში“ სახელისუფლებო ინტერესი იკვეთება
ადვოკატის შეფასებით, „პირველ სტერეოში“ სახელისუფლებო ინტერესი იკვეთება
16:29 21.05.2012
ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის და ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ტელეკომპანიის ამჟამიდელმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ სასამართლოს ზილფიმიანის წილის დაყადაღების მოთხოვნით ისე მიმართა, რომ მას „სტერეოში“ შექმნილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში მდებარე „პირველ სტერეოს“ ოფისთან განუცხადა.

მისი განმარტებით, ამას კობაიძის მიერ ზილფიმიანის სახელზე გაგზავნილი წერილიც ადასტურებს, რომელშიც ის „პირველ სტერეოში“ ფინანსური აუდიტის ჩატარებას ითხოვს.

„მათ ჯერ ფინანსური მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, რომ ეჭვები დასაბუთებული ყოფილიყო კომპანიაში თანხების გაფლანგვის შესახებ და ზილფიმიანის წილის დაყადაღების მოთხოვნით შემდეგ მიემართათ სასამართლოსთვის“-განაცხადა ბარათაშვილმა.

მისი განმარტებით, „პირველ სტერეოში“ პარტნიორთა მხრიდან ბევრ სხვა დარღვევასც აქვს ადგილი.

„წინასწარვე იკვეთება, რომ საქმე გვაქვს, ძალიან სერიოზულ სახელისუფლებო ინტერესებთან. ამიტომ, დაპირისპირება პირდაპირ სახელმწიფო ძალასთან მოგვიწევს“- განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ ყადაღის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტოლებას ის აუცილებლად გაასაჩივრებს.

„პირველ სტერეოს“ 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძე დავით ზილფიმიანს „პირველის სტერეო“-ს ფინანსების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მან ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართა. ამჟამად ზილფიმიანის წილი „პირველ სტერეოში“ კობაიძის მოთხოვნით დაყადაღებულია.

ბეჭდვა