პოლიტპატიმრები მიმდინარე წლის 26 მაისს ერთდღიანი შიმშილობის აქციას მოაწყობენ - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ „სახალხო კრების“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის 26 მაისს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოში არ არსებობს დემოკრატია, სასამართლო და ქართული საზოგადოება შეურაცხმყოფელი ხელისუფლების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება.
„მიუხედავდ განსხავავებული პოზიციებისა და ოპოზიციის გათიშვასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკოსის მცდელობისა, დღეს აქ შეკრებილთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ერთობა უნდა იყოს. ცალკე მდგომი არის მხოლოდ ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც მთელი ერი იბრძვის“ - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ერთიანობისთვის ხელის შეწყობას ვერ შეძლებენ, ქართული საზოგადოება პასუხს თავად გასცემს.
„სახალხო კრების“ გაფართოებულ შეხვედრას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებიან.
როგორც ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე მისვლით შარშანდელი 26 მაისის ძალადობას გმობენ. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერსაც კი არ უცემიათ ისე სასტიკად აქციის მონაწილეები, როგორც გასული წლის 26 მაისს.
„აქ ვართ იმიტომ, რომ ვგმობთ იმ ძალადობას და სიმხეცეს, რომელიც 26 მაისს საკუთარი თვალით ვიხილეთ. იქ იყვნენ სასტიკად ნაცემი ადამიანები, საპენსიო ასაკის ხალხი, ახალგაზრდები, ამიტომ ვაპროტესტებთ ძალადობას და ყოველთვის დავუპირისპირდებით მას“ განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლიამ.
„სახალხო კრების“ გაფართოებული შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.
