ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა, ამჟამინდელი დირექტორის ვასილ კობაიძისგან „პირველ სტერეოში“ ფინანსური აუდიტის ჩატარების შესახებ წერილი მიიღო.
წერილი ზილფიმიანმა ჟურნალისტების თანდასწრებით გახსნა და მისი შინაარსი მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
წერილში, რომელიც 17 მაისით არის დათარიღებული, კობაიძე ზილფიმიანისგან ითხოვს, „პირველ სტერეოში“ ფინანსური აუდიტის ჩატარების საშუალება მისცეს და მისი აუდიტორული კომპანია შესაბამისი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტებით უზრუნველყოს.
კობაიძე წერილში აღნიშნავს, რომ პასუხი მას ზილფიმიანმა წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 3 დღის ვადაში უნდა აცნობოს.
„როგორც ხედავთ, წერილი 17 მაისით არის დათარიღებული. შესაბამისად, სამი დღე უკვე გასულია, რადგან წერილი გვიან ჩამბარდა. შემდეგ იტყვიან, რომ პასუხი მათ დროულად არ ვაცნობე. ასეთი რამ უკვე მესამედ ხდება“-განაცხადა ზილფიმიანმა.
„პირველ სტერეოს“ 65%-იანი წილის მფლობელი ვასილ კობაიძე დავით ზილფიმიანს „პირველის სტერეო“-ს ფინანსების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მან ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართა. ამჟამად ზილფიმიანის წილი „პირველ სტერეოში“ კობაიძის მოთხოვნით დაყადაღებულია.
