ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ ერთ-ერთ მფლობელსა და ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანსა და გეოფიზიკის ინსტიტუტის კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ გენერალურ დირექტორს ლევან ჯანელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი გეოფიზიკის ინსტიტუტში მდებარე ,,პირველი სტერეოს“ ოფისში ზილფმიანის არშეშვებამ გამოიწვია.
ზილფიმიანმა დაცვის თანამშრომლებისგან პასუხი მოითხოვა, თუ რატომ არ აძლევდნენ კუთვნილი ქონების ნახვის საშუალებას, რაზეც ჯანელიძისგან პასუხად მიიღო, რომ „მგლებს“ ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ტელევიზიის ახალ დირექტორთან და ის მხოლოდ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს და მითითებებს ასრულებს.
ამის შემდეგ, ზილფიმიანმა ჯანელიძეს კობაიძესთან დარეკვა მოსთხოვა, რათა გადაეცა, რომ მასთან შესახვედრად „პირველ სტეროს“ ოფისთან მისულიყო. დაცვის კომპანიის ხელმძღვანელმა ზილფიმიანს განუმარტა, რომ მას დამქირავებელთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს და მისი ინფორმაციით, ვასილ კობაიძე დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აპირებს ტელეკომპანიაში მისვლას.
ამის შემდეგ, ზილფიმიანმა ჯანელიძეს მედიის თანდასწრებით განუცხადა, რომ 15.00 საათისთვის აქ მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მოვა და ამიერიდან ის გაარკვევს ურთიერთობებს.
რამდენიმე დღის წინ, „პირველი სტერეოს“ შენობაში მისი ახალი დირექტორის და თანამფლობელის ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლები შევიდნენ, შენობა დაიკავეს და გეოფიზიკის ინსტიტუტში შესვლის საკითხებს ისინი აკონტროლებენ.
