საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინომუსიკა ციფრულ
ფორმატშიც შეინახება.
როგორც "ნიუსპრესს" არქივიდან აცნობეს, კინო-ფოტო-ფონო-დოკუმენტების ცენტრალურ არქივში დოკუმენტების გაციფრულების პროცესი მიმდინარეობს, რაც ძველი სტანდარტის მაგნიტური ფირებიდან თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე გადაწერას მოიცავს.
იქმნება ციფრული სადაზღვევო და გამოყენების ფონდები, რაც დოკუმენტებზე წვდომას გააადვილებს და მკვლევარი მოკლე დროში შეძლებს მისთვის საინტერესო მასალის მოსმენას, შემდეგ კი მისი ასლის მიღებას, ჩანაწერებთან პირდაპირი შეხების გარეშე. მომავალში აღნიშნული მასალა არქივის ვებ-გვერდზე განთავსდება და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ინტერნეტის საშუალებით ეროვნული არქივის ფონოჩანაწერების კატალოგს გაეცნოს.
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ქართული მხატვრული ფილმების მუსიკა, რომელიც ორკესტრის მიერ არის შესრულებული და კინომუსიკის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს. კოლექციაშია გასული საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი ფილმების მუსიკალური ნაწარმოებები. უძველესი ჩანაწერებია ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ფილმების - "უკანასკნელი მასკარადი" (1934 წელი) და "არსენა" (1937 წელი) - მუსიკა, რომლის ავტორია გრიგოლ კილაძე.
გარდა ამისა, ფონოარქივში დაცულია 200-მდე მხატვრული ფილმის მუსიკა.
