„ტფილისის ჰამქარმა“ ზედამხედველობის სამსახურს საგანგებო წერილით მიმართა
„ტფილისის ჰამქარმა“ ზედამხედველობის სამსახურს საგანგებო წერილით მიმართა
12:58 21.05.2012
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარმა“ დღეს თბილისის ზედამხედველობის სამსახურს საგანგებო წერილით მიმართა.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, წერილით ისინი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს გუდიაშვილის მოედანზე მისვლასა და სათანადო რეაგირებას სთხოვენ.

მისი თქმით, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“ წინააღმდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სარჩელი მზადდება.

„ვეცდებით, რომ ეს სარჩელი დღესვე შევიტანოთ, თუ არადა ხვალ აუცილებლად შევიტანთ. პარალელურად ჩვენ ველოდებით გუშინდელი პირობის შესრულებას და ველოდებით მუშებს, რომლებიც შენობას გადახურავენ“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, სასამართლოში შესატანი სარჩელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანებას ეხება.

„მფლობელობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ. ყველას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ წესისა და კანონის შესაბამისად მოექცეს ძეგლს, რაც გუდიაშვილის #2-თან მიმართებაში არ მოხდა“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, კომპანიამ მოედანზე მდებარე „ლიტერატურული საქართველოს“ შენობა ნაწილობრივ დაანგრია, თუმცა, ამის არანაიარი ნებართვა არ ჰქონდა. მისივე განმარტებით, კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

ორგანიზაციამ აქცია გუდიაშვილის მოედანზე გუშინ გამართა. გუშინვე, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ შენობის დემონტაჟი დაწყებული არ არის და ამჟამად, მხოლოდ კვლევისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.


ბეჭდვა