საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ გამოცდებს თბილისის №49-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები ტექნიკურად გამართულია და გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად მზად არის. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს.
ნებისმიერი ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.
გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები დღეს, დილის 09:00 საათზე საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
ქართულ ენისა და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს - ისტორიაში; 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.
