კერძო დაცვის კომპანია „მგლები“, გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ტელეკომპანია „პირველი სტერეოა“ განთავსებული, შესვლის უფლების მქონე პირთა დამატებით სიას 15.00 საათზე მიიღებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „მგლების“ გენერალულმა დირექტორმა ლევან ჯანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის სამსახურმა ტელეკომპანიის ახალ დირექტორთან ვასილ კობაიძესთან 18 მაისს გააფორმა 6 თვიანი ხელშეკრულება და დღემდე შენობაში არავის შეშვების უფლება არ ჰქონდა.
„ახლა გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა სია გვაქვს და მათ პირადობის მოწმობის საფუძველზე ვუშვებთ. ჩვენი ინფორმაციით, სამი საათისთვის ახალი დირექტორის წარმომადგენელი მოვა და შენობაში შესვლის უფლების მქონე პირთა ახალ სიას მოგვცემს“-განაცხადა ლევან ჯანელიძემ და დასძინა, რომ შენობაში მუდმივად 30 დაცვის თანამშრომელი იმყოფება.
„ნიუსპრესის“ ინფორმაციით, გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს სპეციალური სიებით უშვებენ, ამასთან აფრთხილებენ, რომ შენობა 6 საათამდე უნდა დატოვონ.
რამდენიმე დღის წინ, „პირველი სტერეოს“ შენობაში მისი ახალი დირექტორის და თანამფლობელის ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლები შევიდნენ, შენობა დაიკავეს და გეოფიზიკის ინსტიტუტში შესვლის პირობებს ისინი ადგენენ.
გეოფიზიკის ინსტიტუტთან შეკრებილი „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის მოსვლას ელოდებიან, რათა სამოქმედო გეგმები დასახონ.
