თბილისიდან დღეს დილით გარეჯის მიმართულებით სხვადასხვა ეკლესიის მრევლი და საზოგადოების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
ისინი დავით გარეჯში ჩასვლას და ქართული ლავრების მოლოცვას გეგმავენ.
მრევლთან ერთად გარეჯში დეპუტატი ჯონდი ბაღათურიაც წავიდა.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში თანაპარტიელებთან და რელიგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიდის.
მისივე თქმით, მალე მონასტრის ტერიტორიაზე მივლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
დავით გარეჯის მიმართულებით მომლოცველების მსვლელობა დღეს, დილით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტების დაშვება დაუბრკოლებლად მოხდება.
მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტების დავალებით შედგა.
