ყაზახეთის მანგისტაუსკის მხარეში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი ტრაილერების სამი ქართველი მძღოლი გზის გაგრძელებას დღეს შეძლებს,
- ამის შესახებ "ნიუსპრესს" ყაზახეთში საქართველოს კონსულმა, ანდრო კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამინდი გამოსწორდა, გზები გაიწმინდა და მოძრაობაც აღდგენილია. სამივე მძღოლი ამჟამად ერთად იმყოფება და ქალაქ აკტაუშიც ერთად გაემგზავრებიან.
ანდრო კაჭკაჭიშვილის ცნობით, ერთ-ერთ მძღოლს, გოჩა ქოიავას გაუფუჭდა ტრაილერი, რომელსაც აკტაუში სპეცტექნიკის დახმარებით გადაიტანენ. კონსულის თქმით, საელჩო მძღოლებთან კავშირს იქამდე შეინარჩუნებს, სანამ ისინი უსაფრთხო ადგილზე არ იქნებიან.
ყაზახეთში, მანგისტაუსკის მხარეში ქართველი მძღოლები, გოჩა ქოიავა, გიორგი ცაგურიშვილი და ჯემალ ქეთელაური უამინდობის გამო ჩარჩნენ. ისინი გზის გაგრძელებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.
