ხვალიდან 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება
ხვალიდან 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება
17:58 20.05.2012
მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალიდან 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება.

როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობას დაიწყებენ.

წლევანდელი გამოსაშვები გმოცდებისთვის ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე.წ. naec web browser-ი შეიქმნა, რომელიც ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს, ვინაიდან პროგრამა ტესტირების განმავლობაში ყველა სტანდარტულ პროცედურას, მაგალითად, ფრაზის კოპირებასაც კი ზღუდავს.

კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში - ქართული ენასა და ლიტერატურაში, უცხოური ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ბარდება. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. „CAT“-ის სისტემით ტარდება.
საგამოცდო ოთახებში ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა იმუშავებს. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.

მოსწავლემ გამოცდაზე მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი უნდა იქონიოს. ასევე, მას უფლება აქვს გამოცდაზე პირადი ჰიგიენის ნივთები და პლასტმასის ბოთლით წყალი შეიტანოს.

გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი იმუშავებს.


ბეჭდვა