კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილი“ გუდიაშვილის მოედანზე შენობების დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც კომპანიის მეირ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „ირაო მაგნატ გუდიაშვილსა“ და თბილისის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, კომპანია უფლებამოსილია პროექტების დამტკიცების შემდეგ, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს.
მათი განმარტებით, ამ ეტაპზე კვლევითი პროცესი მიმდინარეობს და არანაირი დემონტაჟი დაწყებული არ არის.
„ჩატარებული წინასწარი სამუშაოები ზონდაჟის აგებას, ფასადზე ნალესობის ჩამოფხეკას, ფენების ლაბორატორიულ კვლევასა და ფუნდამენტებზე შურფების მოწყობას ითვალისწინებდა. აღნიშნული სამუშაოს ჩატარება აუცილებელია მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სრულფასოვანი სარესტავრაციო პროექტის შესაქმნელად“ - აცხადებენ კომპანიაში.
მათი ცნობით, კვლევის შედეგის შესაბამისად მომზადებული სარესტავრაციო პროექტები დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოს წარედგინება.
პირველივე პროექტის დამტკიცების შემდეგ კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილი“ ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაიწყებს.
მათი განმარტებით, ვალდებულებები გუდიაშვილის მოედანზე არსებული ყველა შენობის პირვანდელი ისტორიული სახით აღდგენას გულისხმობს.
„შენობებს შეუნარჩუნდება მათი ავთენტურობა, არქიტექტურული იერ–სახე, გაბარიტები და საჭიროების შემთხვევაში მათი გამაგრება მოხდება“ - აცხადებენ „ირაო მაგნატ გუდიაშვილში“ .
გუდიაშვილის მოედანზე ამ წუთებში ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენლები აქციას აწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანოზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილი“ მოედანზე მდებარე „ლიტერატურული საქართველოს“ შენობას ანგრევს, რასაც ორგანიზაცია არ დაუშვებს. ისინი მოედანზე მორიგეობას დააწესებენ, რათა მუშები შენობაში არ შევიდნენ.
