„შავფაროსნები“ და „დაიცავი დავით გარეჯი“ აზერბაიჯანის ელჩს მიმართავენ
„შავფაროსნები“ და „დაიცავი დავით გარეჯი“ აზერბაიჯანის ელჩს მიმართავენ
11:37 20.05.2012
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შეუთანხმებელ მონაკვეთზე 6 მაისამდე არსებული სტატუს–კვო უნდა აღადგინოს და მომლოცველებს შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს.  ამის შესახებ ნათქვამია მიმართავში, რომელსაც დღეს საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერ ჰუსეინს გადასცემენ.
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 6 მაისიდან მომლოცველთა და ტურისტთა დაშვების აკრძალვამ ჩვენი საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულმა ძალებმა სცადონ მოვლენათა ესკალაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია“ - აღანიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, მიმართავის ავტორები აცხადებენ, რომ 31 მაისს აღინიშნება წმ. მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე და ქართველ მორწმუნეებს აქვთ ბუნებრივი სურვილი, მოილოცონ სამონასტრო კომპლექსში შემავალი სიწმინდეები, მათ შორის, კომპლექსის დღემდე შეუთანხმებელი მონაკვეთი.
„დაიცავი დავით გარეჯი“ და „შავფაროსნები“ იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული საკითხი კეთილმეზობლობის, ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთპატივისცემისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით გადაწყდება.





ბეჭდვა