საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ დღეს ვაკის პარკიდან საპროტესო მსვლელობას მოაწყობს.
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან 14:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებს. ისინი საელჩოსთან მიმართვას წაიკითხავენ, რომელშიც მათი თქმით, ბოლო დროს სამონასტრო კომპლექსების მონახულებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის მოგვარების ხედვაა ასახული. ამის შემდეგ ისინი საელჩოს თანამშრომლებს ელჩისადმი მიმართვის ტექსტს გადასცემენ.
მსვლელობა ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე გაგრძელდება. აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროში საინიციატივო ჯგუფის მიმართვას შეიტანენ, რის შემდეგაც მამა დავითის მონასტერში პარაკლისს დაესწრებიან.
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ მძღოლებს მოუწოდებს 20 მაისს 14:00 საათზე მხარდაჭერა ავტომობილის სიგნალით გამოხატონ.
„თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია მშვიდობიანია და ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლენას ვგმობთ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ისინი საქართველოს მთავრობისგან მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) დავით გარეჯის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამებისა და ოქმების გასაჯაროებას მოითხოვენ, რათა საზოგადოებისთვის საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესი გამჭვირვალე გახდეს.
აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაიგეგმა. ჯგუფს, სახელწოდებით - „დაიცავი დავით გარეჯი“ უკვე 100 000-მდე მომხმარებელი შეუერთდა.
