ქალაქ ბათუმში მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია „უსაფრთხო სკოლა“ იმართება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაა.
კონფერენცია საქართველოსა და აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიებაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების სისტემის რეფორმების მნიშვნელობასა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელბულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა 2 წლის განმავლობაში ქართული მანდატურის სამსახურის მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სკოლებში ძალადობა 94%-ით, ხოლო ვანდალიზმი 98%-ით შემცირდა.
ბათუმის კონფენეციაში დიმიტრი შაშკინი, საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს კენედი, ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი, ასევე, სომხეთის, ყირგიზეთისა და მოლდოვას განათლების მინისტრების მოადგილეები მონაწილეობენ.
კონფერენციის ორგანიზატორები საერთაშორისო ეროვნული ასოციაცია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.
