საზოგადოებრივი მოძრაობა ,,პროტესტი საწვავის ქართული ფასების“ წარმომადგენლები საწვავზე მაღალ ფასებს აპროტესტებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ვარდების მოედანზე აქცია გამართეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საქართველოში საწვავის ფასები ბევრად აღემატება ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებს.
საზოგადოებრივი მოძრაობის აქციას კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა. მისი თქმით, საქართველოში საწვავის ფასი მაღალია და საერთაშორისო ფასებთან შედარებით არაადექვატურად გამოიყურება.
,,არამგონია ამ ხელისუფლების პირობებში რეალური ცვლილებები მოხდეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ მცირედი ცვლილებაც მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება. მაგრამ იმედია მოსახლეობა წინასაარჩევნოდ შემცირებულ ფასებს არ ენდობა“-აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით, საწვავზე ფასების ზრდა პრეზიდენტის პირადი სარგებლის ნახვის მოტივითაა გამოწვეული.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ,,ვარდების მოედნიდან“ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.
