საინიციატივო ჯგუფი- „დაიცავი დავით გარეჯი“ ხვალ საპროტესტო მსვლელობას აწყობს
საინიციატივო ჯგუფი- „დაიცავი დავით გარეჯი“ ხვალ საპროტესტო მსვლელობას აწყობს
16:35 19.05.2012
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ ხვალ ვაკის პარკიდან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს.
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან 14:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებს. ისინი აქ მიმართვას წაიკითხავენ, რომელშიც მათი თქმით, ბოლო დროს სამონასტრო კომპლექსების მონახულებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის მოგვარების მათეული ხედვაა ასახული. ამის შემდეგ ისინი საელჩოს თანამშრომლებს ელჩისადმი მიმართვის ტექსტს გადასცემენ.
მსვლელობა ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე გაგრძელდება. აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროში საინიციატივო ჯგუფის მიმართვას შეიტანენ, რის შემდეგაც მამა დავითის მონასტერში პარაკლისს დაესწრებიან.
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით-გარეჯი“ მძღოლებს მოუწოდებს 20 მაისს 14:00 საათზე მხარდაჭერა ავტომობილის სიგნალით გამოხატონ.
„თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია მშვიდობიანია და ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლენას ვგმობთ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, აქციის მიზანია ხალხმა მოქალაქეობრივი პოზიცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის დაკავებასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ განცხადებებთან დაკავშირებით გამოხატოს.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია წარმოადგინოს, თუ რის საფუძველზე გააკეთა, მათი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
ისინი საქართველოს მთავრობისგან მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) დავით გარეჯის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამებისა და ოქმების გასაჯაროებასაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებისთვის საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესი გამჭვირვალე გახდეს.
აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაიგეგმა. ჯგუფს, სახელწოდებით - „დაიცავი დავით გარეჯი“ უკვე 100 000-მდე მომხმარებელი შეუერთდა.

ბეჭდვა