„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ნაძალადევის რაიონში სანიაღვრე არხებისა და კოლექტორის მოწესრიგებას ითხოვს.
ამ მოთხოვნით „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩაზე აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, ჭყონდიდელის 16 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში გრუნტის წყალი ჩაედინება და სარდაფი მზიან ამინდშიც კი წყლით ივსება.
„ვითხოვთ, რომ აუცილებლად გატარდეს ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კორპუსის საძირკველი გრუნტის წყლებით იტბორება, წყლის რაოდენობა წვიმის დროს განსაკუთრებით მატულობს. ვითხოვთ, რომ მერიამ ამ ხალხს ყურადღება მიაქციოს და ფულის ისეთი მიმართულებით ხარჯვა, რაც მიზანშეწონილი არ არის - შეწყვიტოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ მჟავანაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ათეულობით წერილი გაიგზავნა, ამ კუთხით ნაძალადევის რაიონში არაფერი გაკეთებულა.
