,,პირველი სტერეოს“ პროგრამების განყოფილების დორექტორის ლევან ზილფიმიანის განცხადებით, ტელეკომპანიის პროდუქცია ეთერში აღარ გადის.
,,ჩვენ რა სიგნალსაც ვუშვებდით, ეს სიგნალი დილიდან ანძამ გათიშა. სავარაუდოდ იქ სხვა „რესივერი“ დაამონტაჟეს და ახლა რაღაც მარკეტინგულ ჩანაწერებს უშვებენ. ამჟამად ,,სტერეოს“ სიხშირეზე ჩვენგან გავრცელებული სიგნალი არ ვრცელდება“- განაცხადა ზილფიმიანმა.
გეოფიზიკის ინსტიტუტში განთავსებული ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ ოფისი გასულ ღამეს კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლებმა დაიკავეს. მათ შენობაში მყოფ თანამშრომლებს შენობის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც ,,სტერეოს„ თანამშრომლები აცხადებენ, კერძო დაცვის კომპანია ტელეკომპანიის 65% წილის მფლობელმა და ახლადარჩეულმა დირექტორმა, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის ახლო ნათესავმა ვასილ კობაიძემ დაიქირავა.
კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება კანონის დარღვევით მოხდა და ის ბრძოლას აპირებს.
