საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
12:29 19.05.2012
საატესტატო გამოცდების წინ, გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის საჯარო სკოლებში პრეტესტი დაიწყო.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.
თბილისის №89-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, პრეტესტი ერთი მხრივ დამატებითი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რათა ტესტური დავალებების ნიმუშებს და კომპიუტერულ სისტემას გაეცნონ, მეორე მხრივ კი, არის შესაძლებლობა გამოსცადონ საკუთარი პოტენციალი და გამოსაშვები გამოცდების წინ გენერალური რეპეტიცია გაიარონ.
პრეტესტი დღეს დილის 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უცხო ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის დავალებებზე იმუშავეს.
საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება.
ხვალ კი, მოსწავლეები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მათემატიკის ტესტებზე იმუშავებენ.

პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს მეთორემეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 30 მაისს დასრულდება.

ბეჭდვა