გეოფიზიკის ინსტიტუტი, რომელშიც ტელეკომპანია“პირველი სტერეოს“ ოფისია განთავსებული კერძო დაცვის თანამშრომლებს ამ წუთებამდე ბლოკირებული აქვთ.
როგორც „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსმა კობა ბრეგვაძემ განუცხდა, გასულ ღამეს დაახლოებით 4-ის ნახევარზე შენობის კარზე უცნობმა პირმა დაუკაკუნა და წყალი ითხოვა.
„თუმცა როგორც კი კარი გავაღეთ შენობაში სავარაუდოდ დავით ბეჟუაშვილის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ 30-მდე თანამშრომელი შემოვარდა და შენობის ყველა შესასვლელ-გასასვლელი დაიკავა“ - განაცხადა კობა ბრეგვაძემ.
მისივე განმარტებით, დაახლოებით დილის 4 საათზე პირველი სტერეოს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი დავით ზილფიმიანი გარეთ გამოვიდნენ, თუმცა როდესაც უკან შესვლა მოისურვეს ბრეგვაძის თქმით, ისინი შენობაში აღარ შეუშვეს.
ზილფიმიანთან ერთად „სტერეოს“ 10-მდე თანამშრომელი ამ წუთებამდე შენობის წინ იმყოფება.
ბრეგვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ გასულ ღამეს პატრული რამდენჯერმე გამოიძახეს, თუმცა ისინი ამ დრომდე არ გამოჩენილან.
დაახლოებით ნახევარი საათის წინ გეოფიზიკის ინსტიტუტთან მოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს შენობა იმყოფება. მათ კერძო დაცვის კომპანიის თანამრომლებთან გასაუბრების შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
დაახლოებით 10 წუთის წინ კი შენობაში კერძო დაცვის სამსახურის 10 კაციანი ჯგუფი შევიდა, რომლებსაც მკერდზე ამოქარგულ ემბლემაზე სახელწოდება „მგლები“ აწერიათ.
